Nikolashvili BioProduct


Go to content

About Us

უნიკალურ ღვინოს, პირველ ქართულ "ბიო-საფერავს" საინტერესო ისტორია აქვს...


1999 წელს გივი ნიკოლაშვილმა გურჯაანში, მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე, პაპისეულ ადგილას, რომელსაც "წიფლებს" ეძახიან, 6 ჰექტარი მიწა იყიდა. ვენახის დასაგეგმარებლად გამოცდილი აგრონომი გურამ ჯავახიშვილი მოიწვია, გასაშენებლად კი ყურძნის ერთ-ერთი უძველესი ჯიში - საფერავი შეარჩია... დაახლოებით ამავე ადგილას, 1925 წელს მისმა პაპამ - ილია ნიკოლაშვილმა (1890-1965) ერთი ჰექტარი ფართობი ჯაგნარი ადგილი ძირკვებისაგან საკუთარი ხელით, ოჯახის დახმარებით - ხერხით, წერაქვითა და ბარით მოასუფთავა და შესანიშნავი საფერავი გააშენა. ვენახს ტრადიციული წესებით უვლიდა, რაც ახლანდელი მსოფლიო ბიომეურნეობის უმაღლეს სტანდარტებს უტოლდება. ასევე ტრადიციული მეთოდებით აყენებდა ილია ნიკოლაშვილი ქვევრებსა და კასრებში საუკეთესო ღვინოს. ქალაქელი სირაჯები სიამოვნებით ჩადიოდნენ მასთან ღვინის შესაძენად... მაგრამ 1930 წელს კოლექტივიზაცია დაიწყო, სათუთად მოვლილი ვენახი კოლექტივს გადაეცა, ილიას კი ყველაზე ჩამორჩენილი გლეხის ნაკვეთი არგუნეს. თუმცა, მეღვინეს ფარ-ხმალი არ დაუყრია და შვილის - ირაკლის დახმარებით ვენახი თავიდან გააშენა...

ირაკლი ნიკოლაშვილმა (1917-1996) მამისგან მიღებულ ცოდნას აგრონომის პროფესიაც შეუთავსა. მისი ვენახი გურჯაანში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნეოდა ხარისხითა თუ მსხმოიარობით. ირაკლის ვაჟი გივი ნიკოლაშვილი ახლაც ამუშავებს მამისეულ მარანს, რომელშიც რამდენიმე ძველი დამღიანი ქვევრიც ინახება (დამღა ოდითგანვე მწარმოებლის იდენტურობის დამდგენი იყო და მის სავიზიტო ბარათსაც წარმოადგენდა, რაც ხარისხის გარანტი გახლდათ).

ირაკლი ნიკოლაშვილმა შვილებსა და შვილიშვილებს ვაზისადმი განსაკუთრებული სიყვარული ჩაუნერგა. ალბათ იმის მსგავსი, ჩვენს მამა-პაპას რომ უთქვამს: "ვაზო შვილივით ნაზარდოო"... გივი ნიკოლაშვილმა (1955/25/07) ჯერ კიდევ 1996 წელს ჩამოაყალიბა "ნატურალური ღვინის მსმელთა კლუბი". ეს გახლდათ პირველი მცდელობა, ოჯახის ღვინის წარმოება უფრო მასშტაბური გაეხადა.

2004 წელს გივი ნიკოლაშვილი ბიო-მეურნეთა ასოციაცია "ელკანას" წევრი გახდა. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა, რომ ნიკოლაშვილებმა ყურძნის ევროპაში დაწესებული ბიო-სტანდარტების შესაბამისად წარმოება დაიწყეს. "კაუკასსერტის" სტანდარტების თანახმად, ბიო-სერტიფიკატის მისაღებად სამი წელია საჭირო. გივი ნიკოლაშვილის ვენახი 2005 წელს აღრიცხვაზე დადგა, 2008 წელს კი ვენახსაც და იქ მოწეულ მოსავალსაც საქართველოში პირველად მიენიჭა ბიოსერთიფიკატი.



Back to content | Back to main menu